English / ქართული / русский /
გელა მამულაძე მირზა ბახტაძე
ინოვაციური მენეჯმენტის განვითარების თავისებურებები საქართველოში

ანოტაცია. იმისათვის, რომ ქართული ნაწარმი შესაბამისი მომზადებით შეხვდეს ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევებს, საჭიროა მენეჯმენტის ეფექტიანობის გაზ­რდისათვის აუცილებელი თანამედროვე ინოვაციური კანონზომიერებების კომ­პლექსური შესწავლა და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყნებისა და წარმა­ტებული კომპანიების გამოცდილების მუდმივი კვლევა. სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რის საფუძველზეც სტატიის დასკვნით ნაწილში შემოთავაზებულია ინოვაციური მენეჯმენტის ერთგვარი უნივერსალური მოდელი, რომელიც უშუალო კავშირშია ქვეყანაში ინოვაციური მენეჯმენტის განვითარებასთან.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციები. ინოვაციური მენეჯმენტი. 

შესავალი

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ყოველდღიურად ფართოვდება ინოვაციური მენეჯმენტის განვითარების არეალი, ამას ერთი მხრივ განაპირობებს სამეცნიერო-ტექნო­ლოგიური მიღწევები, მეორე მხრივ, ამა თუ იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე არსე­ბული სხვადასხვა რესურსი და თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევები. აფრიკის კონტინენტის უღარიბეს ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ლიბერია, ზიმ­ბაბვე და სხვა, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება საკვების, წყლის თუ სხვა რესურსის უკმარისობის გამო, ინოვაციური მენეჯმენტი იძლევა იმის საშუალებას, რომ  რამდენადმე შემცირდეს მასობრივი შიმშილობა და სიღარიბე. სწორედ, ინოვაციური მიდგომებით შეიძლება დავძლიოთ იმ პრობლემების უმე­ტესობა, რომლებიც კაცობრიობის წინაშე დგას. ინოვაციური მენეჯმენტის საბო­ლოო მიზანი არ არის მხოლოდ მატერიალური შედეგის მიღება ან/და მეც­ნი­ერული სიახლეების დანერგვა, ამ ყველაფერს თან უნდა ახლდეს გარკვეული სო­ცი­ალური ეფექტი, რომელიც, თავის მხრივ, ასახვას პოვებს შესაბამის სოციუმზე და მოუტანს მას კეთილდღეობას. მაგალითისთვის, ე.წ. „სმარტფონების“ წარ­მო­ება/რეალიზაციას, რომელზეც დღესდღეობით ძალზე მაღალია მოთხოვნა, მატე­რი­ალური თავლსაზრისით არა მხოლოდ მწარმოებელი კომპანიებისათვის მოაქვს მოგება, არამედ თუ ჩავუღრმავდებით, შევამჩნევთ, რომ ამ პროდუქციამ მთელი მსოფ­ლიო გარკვეულწილად შეცვალა და განავითარა. აპლიკაციებისა და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით საზოგადოებას გაუადვილა ყოველდღიური ყოფა და საქმიანობა. ერთმა ტექნოლოგიურმა ინოვა­ციამ ხელი შეუწყო სხვადასხვა მიმართულების განვითარებას: ხელოვნებას, ჟურნა­ლისტიკას, შოუბიზნესს, ბიზნესს და ა.შ.. ასევე, კარგი მაგალითია მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისა და წყლის მილების შემუშავება, რის შედეგადაც კაცობრიობამ ჯერ ერთი გაიმარტივა აღნიშნული კუთხით პრაქტიკული საქმიანობა და მეორეც, დაიზოგა მილიონობით კუბური მეტრი ხის მასალა და მილიონობით ტონა ლითონი, რომელიც, თავის მხვრივ, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ამავე დროს, ამოწურვადი რესურსია. 

* * *

ინოვაციური მენეჯმენტის კონტექსტში მოკლედ მიმოვიხილოთ საქართველოს მიერ განვლილი გზა დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. ჩვენს  ქვეყანაში პოსტკომუნისტური გარდატეხის დაწყებისთანავე გაჩ­ნდა ახალი გამოწვევები, რომლებსაც სჭირდებოდა მოქალაქეთა დროული ადაპტირება, ვინა­იდან სწორედ ქვეყნის მცხოვრებლები ქმნიან დოვლათს, რაზედაც მეტწილად არის დამოკიდებული სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე. უმთავრესი, რაც ინოვაციების შექმნას უწყობს ხელს, არის სპეცი­ალი­ზაცია შესაბამის დარგში. თუ გადავავლებთ თვალს მსოფლიოს „ინოვაციურ რუ­კას“ დავინახავთ, რომ ყველაზე მეტი ინოვაციური პროდუქ­ტი/მომსახურება ერთ სულ მოსახლეზე იქ­მნება იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია პროფესიონალიზმის დონე. ეს განვი­თარე­ბული ქვეყნებია, სადაც ცხოვრობს ბევრი პროფესიის ბევრი კარგი სპეცი­ალისტი, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს, რომელშიც, როგორც წესი, იბადება გენიალური იდეები. ამ მხრივ რთული ვითარება შეიქმნა საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საბჭოთა სისტემის გეგმიური ეკონომიკის პირობებში მოღვაწე მენე­ჯერები (არამარტო მენეჯერები) სრული გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდნენ. ამას დაემატა სამოქალაქო ომისა და აფხაზეთის ომის შედეგები, რამაც, საბოლოო ჯამში, დაამძიმა ქვეყ­ნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ყველაფერმა განავითარა ინტე­­ლექ­ტუალური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სტაგნაციური პროცესი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. კრიზისულ ვითარებაში ჩავარდნილი მოქა­ლაქეები ჩამოშორდნენ თავიანთ ძირითად პროფესიას და თავის გადარჩენის მიზ­ნით სხვა საქმიანობას მიჰყვეს ხელი ან საერთოდ დატოვეს ქვეყანა. სწორედ ამ დროს დაკარგა ქვეყანამ ფიზიკის, ქიმიის თუ სხვა პროგრესული დარგის ბევრი პერსპექტიული სპეციალისტი. 90-იანი წლების მიწურულსა და მიმდინარე საუკუნის პირველ ათწლეულში მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა ქვეყნის ყოველდღიურობა. განხორციელდა ისეთი სტრა­ტეგიული პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბა­ქო-სუფსის ნავთობსადენი თუ სხვა. გარდა ამისა, ტურიზმისა და სოფლის მეურ­ნეობის დარგები გადაეწყო თანამედროვე რელსებზე, განხორციელდა ინსტიტუ­ცი­ური რეფორმები, დაიხვეწა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და ა.შ., რის შედეგადაც მივიღეთ პროდასავლური, განვითარებადი ქვეყანა, რო­მელ­საც ადრე დანარჩენი მსოფლიო მხოლოდ გეოპოლი­ტიკურ ჭრილ­ში თუ იცნობდა, გაუჩნდა სხვადასხვა პერსპექტიული მიმართულებები. 2005-2007 წლებში ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა კორუფციისა და კრიმინალის დონე, დაიწყო უცხოური ინვესტიციების შემოდინება და მიღწეულ იქნა საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ 2007-2008 წლების გლობალურმა კრიზისმა, რომელსაც დაემატა რუსეთ-საქართველოს ომი, კვლავ მნიშ­ვნელოვნად შეარყია ქვეყნის ეკონომიკა და უმნიშვნელოვანეს პერიოდში რამ­დენიმე წლით დაამუხრუჭა განვითარება. 

მიმდინარე ათწლეულში ქვეყანამ კვლავ აღიდგინა იმიჯი, ისევ გახდა მომ­ხიბვლელი  ინვესტორებისა და ტურისტებისათვის, გაიხსნა ახალი საწარ­მო­ები, გა­იზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, გაიზარდა ექსპორტის რაოდენობა, განხორ­ციელდა საგადასახადო რეფორმები, შემუშავდა მეწარმეობის მხარდაჭერის არა­ერთი სახელმწიფო პროექტი თუ პროგრამა და, სწორედ ამ დროს არის საჭირო სახელ­მწიფო თუ კერძო მმართველობით საქმიანობაში ინოვაციური მიდგომების გამოყე­ნე­ბა, რათა ყველა ეს პროცესი იყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითა­რები­საკენ მიმართული იმდენად, რამდენადაც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო წარმა­ტე­ბებს აღწევს მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის პირობებში. როგორც აღინიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. მათ შორის, ეკონომიკური რეფორმები, რომელთა მთავარი მიზანი იყო ბიზნესის კეთების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული ბარიერებისა და საგადასახადო ტვირთის შემცირების, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა გზებით. ამ რეფორმების შედეგად, საქართველომ ეკონომიკური ზრდის ნორმალურ მაჩვენებლებს მიაღწია. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა დადებითად იქნა შეფასებული სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო სააგენტოებისა და საფინანსო ინსტიტუტების მიერ. შესაბამისი შედეგები აისახა იმ ინდექსებსა და რეიტინგებში, რომლებითაც ფასდება ქვეყნების ეკონომიკა. სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა და შემცირებული საგადასახადო განაკვეთები, ლიცენზიებისა და ნებართვების მცირე რაოდენობა, ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივე, პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და სხვა მრავალი ფაქტორი  მყარ საფუძველს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და მისი წარმატებული განვითარებისათვის. “მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის - “Doing Business 2019” მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით, საქართველომ გასულ წელთან შედარებით მე-4 ადგილიდან მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. უძრავი ქონების რეგისტრაციის კომპონენტში კი ქვეყანა სტაბილურად ინარჩუნებს მეოთხე ადგილს, ისეთი ქვეყნების წინ, როგორებიცაა შვედეთი, დანია, ნორვეგია, შვეიცარია და სხვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ დაგვედგინა ინოვაციებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი და მეორე მხრივ, გაგვეგო სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მენეჯერთა დამოკიდებულება საქართველოში ინოვაციური მენეჯმენტის განვითარების პერსპექტივებთან მიმართებაში, ჩვენ მიერ ჩავატარეთ ორი კვლევა. აღნიშნული კვლევების საფუძველზე წარმოდგენილია გარკვეული დასკვნები და წინადადებები.

პირველი კვლევის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო, გაგვეგო ინოვაციების ადგილი ქართულ რეალობაში და ინოვაციური პროცესების შემდგომი განვითარების პერსპექტივების შესახებ საზოგადოების შეხედულებები, გამოიკითხა 315 რესპონდენტი. კვლევამ მოიცვა მთელი საქართველო. აღნიშნული კვლევის ფარგლებში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების შეხედულებათა საფუძველზე გამოგვევლინა ქვეყანაში ინოვაციური პროცესების განვითარების პერსპექტიული მიმართულებები, სადაც რესპონდენტებს შეეძლოთ დაესახელებინათ ნებისმიერი სფერო, რაზედაც მივიღეთ შემდეგი მოცემულობა (იხ. დიაგრამა 1), სიის სათავეში მოქცეულია ტურიზმი, ხოლო მას მოჰყვება ჯანდაცვა, მშენებლობა და ა.შ. 

დიაგრამა 1

ინოვაციური პროცესების განვითარების პერსპექტიული მიმართულებები საქართველოში

წყარო: დიაგრამაშე დგენილია ავტორის მიერ, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. 

კვლევის კიდევ ერთი მიზანი იყო საქართველოს მოქალაქეებთან ერთად განგვესაზღვრა ის ქალაქები/მუნიციპალიტეტები, რომელთაც გააჩნიათ ყველაზე დიდი პოტენციალი ინოვაციური პროცესების განვითარების თვალსაზრისით. შედეგად რესპონდენტთა მიერ საერთო ჯამში თითქმის მთელი საქართველო დასახელდა, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე ქალაქი/მუნიციპალიტეტი, ესენია: ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, თბილისი, მესტია, ანაკლია, მცხეთა, ჭიათურა, გურჯაანი, წყალტუბო, აბასთუმანი, ბორჯომი, ზესტაფონი და ბაკურიანი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მასშტაბური პროექტები, რაც კიდევ უფრო ზრდის აღნიშნულ ქალაქებსა თუ მუნიციპალიტეტებში ინოვაციური მენეჯმენტის განვითარების პერსპექტივებს.

იმისათვის, რომ ინოვაციური მიდგომები გაძლიერდეს საქართველოში არსებულ ორგანიზაციებში, საჭიროა მოსახლეობას კარგად ესმოდეს ინოვაციების მნიშვნელობა, რათა გაუჩნდეს მოთხოვნა ინოვაციური პროდუქციისა თუ მომსახურებისადმი და ზოგადად ინოვაციური პროცესების მიმართ. კვლევის პროცესში ასევე მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო რესპონდენტთა მხრიდან უშუალოდ ინოვაციური პროექტებისადმი დამოკიდებულება. შევეცადეთ მათი შეხედულებების საფუძველზე დაგვედგინა ინოვაციური იდეების დაფინანსებისა და რეალური განხორციელების პრობლემები საქართველოში. ამისათვის რესპონდენტებს მივმართეთ კონკრეტული კითხვებით. პირველ კითხვაზე - „როგორ ფიქრობთ - შეგიძლიათ ინოვაციური პროექტის შემუშავება?“ გამოკითხულთა 83,1 პროცენტმა დადებითი პასუხი გაგვცა, ხოლო მომდევნო კითხვა დაფინანსების საკითხს შეეხო და კითხვაზე „არსებობს თუ არა საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების წყაროები (სახელმწიფო თუ კერძო პროექტები, პროგრამები, სხვადასხვა ორგანიზაციები და სხვა)?“  რესპონდენტთა 79,7 % ფიქრობს, რომ ამ კუთხით დაფინანსების პრობლემა არ არსებობს, რასაც მოჰყვა ჩენ მიერ შემუშავებული კითხვარის მომდევნო კითხვა, რომელიც ლოგიკურ კავშირშია წინა კითხვებთან, „თქვენი აზრით საქართველოს მოქალაქეებს რა უშლით ხელს ინოვაციური იდეების განხორციელებაში?“. რესპონდენტებმა დაასახელეს ძირითადად სამი მიმართულების სხვადასხვა მიზეზი. დაახლოებით 20 % ამბობს, რომ შესაბამისი ფინანსების მოძიება აბრკოლებს ინოვაციური პროექტების შემუშავებას, რესპონდენტთა 37 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით უპირველესი პრობლემა არის ადგილობრივ მომხმარებელში ინოვაციური პროდუქციისა თუ მომსახურებისადმი დაბალი მოთხოვნა და, შესაბამისად, რისკი მაღალია, რომ ესა თუ ის ინოვაციური პროექტი ჩვენს ქვეყანაში ვერ გაამართლებს, ხოლო დარჩენილი 43 პროცენტი ძირითადად აქცენტს აკეთებს მოქალაქეთა ინტელექტსა და მსოფლხედვაზე, ისინი მიიჩნევენ, რომ მოქალაქეთა უმრავლესობის ზოგადი ცოდნა არ არის შესაბამისობაში თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან, რაც ხელს უშლის რეალური საჭიროების მქონე ინოვაციური იდეების არსებობას. ზემოაღნიშნულ გარემოებათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგი მოსაზრება, - რომ ქვეყანაში არსებობს ინოვაციური იდეების დაფინანსების წყაროები, რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ინოვაციები აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის,  დაახლოებით 83% ამბობს, რომ მას შეუძლია ინოვაციური იდეის შემუშავება მაგრამ, ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ინოვაციებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო, ვერ ხერხდება ღირებული ინოვაციური პროექტების დაგეგმვა/განხორციელება.

მას შემდეგ, რაც გავიგეთ საზოგადოების ზოგადი მოსაზრებები ინოვაციებთან დაკავშირებით, ჩავატარეთ მეორე კვლევა. ამჯერად უშუალოდ მენეჯერთა თვალთახედვით დავინტერესდით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სფეროში არსებული ორგანიზაციების ოცდაათმა მენეჯერმა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მენეჯერთა დაახლოებით 90% ინოვაციებს მიიჩნევს თავიანთი ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად. თუმცა აღნიშნული ორგანიზაციების მხოლოდ 1/3 აქვს კვლევისა და განვითარების (R&D) დეპარტამენტი (სტრუქტურული ერთეული, რომელიც მუშაობს ინოვაციების შემუშავებაზე ან პრაქტიკაში უკვე არსებული ინოვაციების დანერგვაზე) ან მსგავსი სტრუქტურული ერთეული, მაგრამ კლასიკური გაგებით, R&D დეპარტამენტი გაცილებით უფრო ნაკლებად გვხვდება საქართველოში არსებულ ორგანიზაციებში. აღნიშნული გარემოება შეიძლება ავხსნათ იმით, რომ მიმდინარე პერიოდისათვის კვლევისა და განვითარების მიმართულებით თანხების მინიმალური ოდენობა გამოიყოფა.

მთლიანობაში, მოცემული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში არსებული ორგანიზაციების მენეჯერები საკმაოდ პოზიტიურად არიან განწყობილნი ინოვაციებისადმი, ამ მიმართულებით მათ მიერ არის სტრუქტურული და ფინანსური მხარდაჭერის მზაობა, გარდა ამისა, მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ინოვაციური საქმიანობის დაფინანსების გარე წყაროებიც მეტ-ნაკლებად არსებობს, თუმცა არსებული რესურსებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა, შესაბამისად, არც რაიმე რეალური შედეგები აქვთ ინოვაციების მიმართულებით. 

დასკვნა

დასკვნით ნაწილში გვსურს შემოგთავაზოთ ჩვენ მიერ შემუშავებული ინოვაციური მენეჯმენტის ერთგვარი უნივერსალური მოდელი, რომელიც მიმდინარე პერიოდისათვის საქართველოში ინოვაციური მენეჯმენტის განვითარების პერსპექტივებთან არის უშუალო კავშირში და შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისათვის, რომელიც საქართველოში არსებულ ორგანიზაციებს მისცემს შესაძლებლობას, დროის მოკლე მონაკვეთში მინიმალური დანახარჯებით ხელი შეუწყონ თავიანთ დაწესებულებებში ინოვაციური პროცესების დანერგვა/განხორციელებას. (იხ. სქემა 1) 

სქემა 1

ინოვაციური მენეჯმენტის უნივერსალური მოდელი

 

წყარო: სქემა შედგენილია ავტორის მიერ.

მენეჯმენტის მოცემულ სქემაზე ნაჩვენებია ინოვაციებზე ორიენტირებული მენეჯმენტის მოდელი, რომლის სტრუქტურაში ცალკე ერთეულადაა ჩამოყალიბებული კვლევისა და განვითარების (R&D) დეპარტამენტი, რომლის თანამშრომლებიც ორგანიზაციის ყველა საკვანძო სტრუქტურულ ერთეულში არიან გადანაწილებულნი და სწავლობენ იქ არსებულ მდგომარეობას, ჩართულნი არიან უშუალოდ შესაბამისი დეპარტამენტის/განყოფილების საქმიანობაში, რაც იმავდროულად ამსუბუქებს იქ მყოფი თანამშრომლების დატვირთვას, ახორციელებენ კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებას და უშუალო ხელმძღვანელს აწვდიან ინფორმაციას ინოვაციური მეთოდების შემუშავების შესაძლებლობების თაობაზე. აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულში თავს იყრის ზემოხსენებული პრინციპით შედგენილი დოკუმენტაცია ორგანიზაციის საქმიანობის ყველა მიმართულებით, რომელსაც შეისწავლის შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რის შემდეგადაც ხდება წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა ამა თუ იმ მიმართულებით და მისი ქართულ რეალობასთან მისადაგებული კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება, რის საფუძველზეც დაწესებულების ხელმძღვანელისათვის იქმნება სპეციალური რეკომენდაციები, რომელთა უმთავრესი დანიშნულებაა ორგანიზაციის ეფექტიანობის ზრდა ინოვაციების ხარჯზე.

ინოვაციური მენეჯმენტის უნივერსალური მოდელი უნდა დაინერგოს ბევრ ორგანიზაციაში. აღნიშნული მოდელი უნდა ეფუძნებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპებს, ხოლო მისი ინტეგრირება პირველ რიგში უნდა მოხდეს შესაბამისი ორგანიზაციის ფინანსური და ადამიანური კუთხით არსებულ რესურსებთან, რათა სამეურნეო თვალსაზრისით იყოს სარგებლიანი, რენტაბელური და არ შეარყიოს მათი გადახდისუნარიანობა, ფინანსური მდგრადობა და საქმიანი აქტივობა.  

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბრალავა ა., გზა მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისაკენ, თსუ გამომცემლობა, თბ., 2001, გვ. 19.
  2. შუბლაძე გ., მღებრიშვილი ბ., წოწკოლაური ფ., ,,მენეჯმენტის საფუძვლები“, გამომცემლობა ,,უნივერსალი“, თბილისი, 2008.
  3. ქოქიაური ლ., ქოქიაური ნ., გეჩბაია ბ., ,,ინოვაციური ეკონომიკა“, გამომცემლობა ,,კალმოსანი“, თბილისი-ბათუმი, 2018.
  4. Halkier, H., Kozak, M., & Svensson, B. Innovation and Tourism Destination Development. European Planning Studies, 22(8): 2013.
  5. Najda-Janoszka, M., & Kopera, S. Exploring Barriers to Innovation in Tourism Industry – The Case of Southern Region of Poland. Procedia – Social and Behavioral Sciences, 110: 2014.
  6. Aydogan E., Innovation Policies, Business Creation and Economic Development. A Comparative Approach, Springer Science – Business Media LLC, 2009
  7. http://www.doingbusiness.org/en/reports/global-reports/doing-business-2019